გიორგი კეკელიძე არის ქვეყანაში ცნობილი წერა-კითხვის გამავრცელებელი, მწერალი, ტელეწამყვანი, პედაგოგი და აქტივისტი. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 11 წელი ხელმძღვანელობდა. 2021 წლიდან კეკელიძე მძიმე კლინიკურ დეპრესიას, პოსტსტრესს და ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას ებრძოდა. თავის ისტორიასა და საქართველოში ფსიქიკური დახმარების სფეროში არსებულ პრობლემებზე გიორგიმ Paper Kartuli-ის თხოვნით ისაუბრა.
— გიორგი, თქვენ პირადად მძიმე დეპრესია გქონდათ. გვითხარით, როგორ მიხვედით მკურნალობის აუცილებლობამდე, მიიღეთ თუ არა საჭირო დახმარება და რა იყო მოტივაცია, რომ გამხდარიყავით ამ სფეროს აქტივისტი და დაეხმარებოდით სხვებს?
— ეს საუბარი ემთხვევა ჩემი გამოჯანმრთელების გზაზე დადგომის ორი წლის თავს. «გზაზე დადგომის», რადგან სრული განკურნება და სიმშვიდე ჯერაც შორს მოსჩანს. მაქვს პერიოდული ჩავარდნებიც, თუმცა ახლა ყველაფერი ჩემს ხელთაა და იმ საზარელი ჯოჯოხეთის ჭაობი, რაც გამოვიარე და როცა თითქმის პარალიზებული ვიყავი, უკვე უკან გახლავთ. ჩემ ტანჯვას გაუსაძლისს მიღმა ეთქმოდა — უკონტროლო ბენზოდიაზეპინების არნახული ბურუსი ისედაც საზარელ ობსესიებს აძლიერებდა. შიშების ალყა. სრული უუნარობა — 57 კილოგრამი ვიყავი, დიაფრაგმის სპაზმის გამო, შეუჩერებელი სლოკინი წამებას აათკეცებდა, კედელს ვეყრდნობიდი და ისე მივღოღავდი. დერეალიზაციის ჯოჯოხეთური გისოსები სამყაროსგან მაცალკევებდა — დედამიწა სადღაც მიღმა არსებობდა და იღიმოდა. ღიმილი კი საერთოდ სხვა რასის ნიშანი მეგონა.
უმძიმესი დეპრესია — წარსულის საცეცებით მომავლის წაშლა და აწმყოს გაუქმება, მცირე შეცდომებზე ფიქრის დაუცხრომელი წრებრუნვა, გაასმაგება, გამოგონება და თვითგვემის ტანტრუმი. ცილისწამებისა და დაბრალების ფობია — მოკლედ სულის სიმსივნე შფოთვის აგრესიული მეტასტაზებით. ერთადერთ რამეს ვოცნებობდი — ჩუმად წავსულიყავი, მენახა რომელიმე მშენებარე შენობა, საიდანაც გადმოვხტებოდი და დადასტურებულად დასრულდებოდა ეს დიდი გაუგებრობა.
ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა, რომ უკვე რამე მიშველიდა. ძალიან. გრძელი პროცესი გამოდგა. ფსიქოტროპულების ნელი ჩახსნა და პარალელური მკურნალობა: უმძიმესი დღეები, სასოწარკვეთის და იმედის ხშირი მონაცვლეობა — ძალის ძებნა, ფიქრის ვარჯიში, ნების გამოძერწვა.
და გავიმარჯვე. დღეს ყოველდღიურად ვცდილობ მაგალითი მივცე სხვებს და ხელი გავუწოდო. ცალკე და ახალი ბრძოლაა ეს, მძაფრი და საინტერესო.
სტიგმის დაძლევისა და მენტალური სირთულეების გაჩვეულებრივების გზაზე არსებულ მოსალოდნელ სირთულეები ათასობით ადამიანს ახლავს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვირაში ერთხელ მაინც მწერს. მე ვამხნევებ, გამოცდილებას ვუზიარებ, თუმცა არასდროს ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ეს ჩემი კომპეტენციის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დარგი დილეტანტზე ოდნავ მეტად შევისწავლე — თავს უფლებას არ მივცემ, პაციენტს წამალი დავუნიშნო ან თუნდაც ფსიქოთერაპევტის როლი მოვირგო. მათ შესაბამისად სპეციალისტებთან ვამისამართებ.
— გიორგი, თქვენ ხართ ერთ—ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც საქართველოში ფსიქიკურ დაავადებებზე ღიად საუბრობს. რა კონკრეტული პრობლემები არსებობს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის კუთხით?
— პრობლემა ძალიან ბევრია: სტიგმა, შიში გამჟღავნების, მახინჯი სტერეოტიპები, ტოტალიტალური ფსიქიატრიის ინერცია, სახელმწიფო სტაციონარების ჯერაც არასათანადო მდგომარეობა, პროგრამების, მათ შორის ფსიქოთერაპიის პროგრამის არარსებობა ხელმოკლე ოჯახებისთვის და კიდევ ბევრი ნიუანსური ამბავი, რომელიც ამ პროცესის წინსვლის მიმართულებით პრობლემებს აჩენს.
რადგან შესაბამისი სტიგმის გამო ამგვარი დაავადებები, როგორც წესი, თითქოს მეორე რიგში იდგა წლების მანძილზე. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელმისწავდომი ფასები, ფსიქოთერაპევტის ლიცენზიის არსებობა, დაზღვევის გააქტიურება და ინფორმაციის აქტიური გავრცელება აუცილებელი პირობაა.
— ფსიქიკური დაავადების ორი სახის სტიგმა არსებობს. პირველი არის სოციალური სტიგმა, როდესაც საზოგადოება ფსიქიატრიულ იარლიყს იწებებს და ცრურწმენას განიცდის. მეორე ტიპი კი თვითსტიგმატიზაციაა. როგორ ფიქრობთ, რომელი სახეობაა საქართველოში უფრო გავრცელებული?
— ორივე თანაბრად და ეს პრობლემა მსოფლიოს მრავალმა განვითარებულმა ქვეყანამაც ახალხან გადალახა, რადგან ფსიქიატრია სრულიად ახალგაზრდა მიმართულებაა მედიცინის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს პრობლემა ადამიანის ნაწილია, თითქმის ყველა ადამიანის და დიდწილად სტრესები აგენირებებენ. მას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ჩვეულებრივ, სომატურ ავადმყოფობებს და არა იზოლაციით და შერცხვენით.
— გთხოვთ, მოგვიყევით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ «სახლი«-ს შესახებ, სადაც თქვენ ამჟამად მუშაობთ. რისი განხორციელება შესაძლებელია ამ «სახლ«-ში? რომელ ყველაზე მწვავე პრობლემებს აწყდებით თქვენ და თქვენი კოლეგები?
— «სახლი» ის სივრცეა, სადაც გამოჯანმრთელების გზას დავადექი. მათგან, მისი დამფუძნებელი ლოლა ლომიძისგან დავალებული ვარ და შეძლებისდაგვარად ვეხმარები მენეჯმენტში. პრობლემა მრავალგვარია, თუმცა მთავარი მაინც კერძო ბიზნესის ფრთხილი და არასაკმარისი ჩართულობა მგონია, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი პროგრამის დაფინანსება ხელმოკლე ოჯახებისთვის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი «სახლი» 2021 წელს გაიხსნა. ცენტრში კვალიფიციური სპეციალესტები — ფსიქიატრები, ასევე სხვადასხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები მუშაობენ. ცენტრი ემსახურება როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს და მოზარდებს.
„სახლი»-ს მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ არარეზიდენტებსაც. კონსულტაციის ღირებულება 120 ლარი, კონსულტაცია ინგლისურ და რუსულ ენებზე — 140 ლარი. ცენტრში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. «სახლ»-თან დაკავშირება შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით (facebook.com/sakhli.center), ან ტელეფონით 595-999-899.